
2023 წლის იანვარში, WERKRAUM-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სტუდიის თანადამფუძნებელმა და არქიტექტორმა მარიამ სუპატაშვილმა ვრცლად ისაუბრა არქიტექტურისა და ინტერიერის პლატფორმასთან Home Is..
საუბრისას მარიამმა WERKRAUM-ის შექმნის ისტორია, განვლილი 10-წლიანი გზა და სტუდიის საპროექტო ხედვა მიმოიხილა. მისი თქმით, ყოველი ახალი არქიტექტურული პროექტი შენობის სწორი ორიენტირებისა და კონტექსტის გააზრებით იწყება. სტუდიის მთავარი პრინციპია თანამედროვე ტექნოლოგიურ პროგრესსა თუ ცვალებად პარადიგმებთან ადაპტირება და ისეთი შემოქმედებითი პროცესის წარმართვა, რომლის შედეგიც დროს მაქსიმალურად უძლებს. ამასთან, WERKRAUM-ის მიდგომით, დამკვეთთან ურთიერთობა ეფუძნება ხანგრძლივ, ორმხრივ ნდობას და არა ფორმალურ კომპრომისებს.
ინტერვიუში განხილულ პროექტებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ავლაბრის საცხოვრებელ კომპლექსს, რომლის აგურის ფასადი ისტორიულ გარემოს ეხმიანება და ლუქსემბურგში მდებარე სკოლა-საბავშვო ბაღს (საერთაშორისო კოლაბორაცია Witry & Witry Architects-თან), რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.
ადგილობრივი არქიტექტურული გარემოს შეფასებისას მარიამი აღნიშნავს, რომ დამკვეთები სულ უფრო ღია ხდებიან რთული და არასტანდარტული იდეების მიმართ — ეს დადებითი ტენდენცია კი სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მიზანმიმართული და პრინციპული პოზიციის შენარჩუნების შედეგია.