კერძო საცხოვრებელი სახლი კაკლებში მდებარეობს. მისი გეგმარება გამოკვეთილ ჰორიზონტალურ კომპოზიციას ეფუძნება. ნაგებობის ზედა მოცულობა პირველი სართულის თავზეა შეკიდული და ერთ ცილინდრულ სვეტს ეყრდნობა, რაც შენობის ქვეშ ღია, დაცულ სივრცეს ქმნის. მასიური ცილინდრული სვეტი კონსტრუქციულ სიმტკიცესთან ერთად სივრცის მთავარ ვიზუალურ აქცენტად ყალიბდება.
მასალების პალიტრა აერთიანებს არქიტექტურულ ბეტონს, ბუნებრივი ხის ჭერსა და ხის ვერტიკალურ ელემენტებს. მინის სლაიდი კარები საცხოვრებელ სივრცეს ხსნის დაცული ტერასისკენ (ჩაშენებული ბუხრით), საიდანაც ხედი ტყის პეიზაჟზე იშლება.
ინტერიერისა და ექსტერიერის ზღვარი პანორამული ვიტრაჟებით თითქმის ქრება, რაც ეზოს დასასვენებელ ზონას საცხოვრებელი სივრცის ბუნებრივ გაგრძელებად აქცევს.
ექსტერიერის კომპოზიციას ქვის კედელი და „ინფინიტი“ ტიპის აუზი ასრულებს. აუზის სარკისებრი ზედაპირი და ხის ტერასა ეზოს ლანდშაფტს სრულყოფილ იერსახეს ანიჭებს, ხოლო ბეტონის კონსოლზე გადმოკიდებული მწვანე საფარი არქიტექტურას გარემომცველ ბუნებასთან ორგანულად აერთიანებს.