„ვერკრაუმის“ ახალი ოფისი თბილისში 2025 წელს დასრულდა. მისი კონცეფცია იმ მატერიალურ შეგრძნებებსა და სივრცულ აზროვნებას ეფუძნება, რაც ზოგადად სტუდიის არქიტექტურულ ხელწერას განსაზღვრავს. ვინაიდან ობიექტი თავად სტუდიის მიერ დაპროექტებულ შენობაშივე მდებარეობს, გუნდს მიეცა იშვიათი თავისუფლება — გასცდენოდა სტანდარტული დაკვეთის ჩარჩოებს, ემუშავა მასალებთან და ეს სივრცე საკუთარი ხედვის პირდაპირ გამოხატულებად ექცია. დიზაინი სრულიად თავისუფლდება ზედმეტი დეკორატიული ფენებისგან და ყურადღებას უშუალოდ შენობის პირველად სტრუქტურასა და მასალების ბუნებრივ ხასიათზე ამახვილებს.
დიზაინის მთავარი ღერძი შენობის არსებული ბეტონის სტრუქტურაა, რომელიც სრულად ღია დარჩა. ბეტონის ჭერისა და კედლების ნედლ ფაქტურას განათების მრავალშრიანი სისტემა გამოკვეთს, სადაც ნეიტრალური სამუშაო შუქი და თბილი განათება ერთმანეთს აბალანსებს.
იატაკის მასალად გამოყენებულია ტერაცო, ხოლო ფასადის ვიტრაჟული შემინვა გეგმარებას ბუნებრივი სინათლით ავსებს. ინჟინერიული კომუნიკაციები და სავენტილაციო მილები ჭერქვეშ ღიადაა გატარებული და ინტერიერის ინდუსტრიულ ხასიათს ორგანულად ერწყმის.
ღია სივრცეს ორი დამოუკიდებელი მოცულობა ფუნქციურ სამუშაო ზონებად ჰყოფს: ერთი მათგანი თეთრი, დაკეცილი ლითონის ფურცლებითაა მოპირკეთებული, მეორე — კორკით. უჟანგავი ფოლადის ზედაპირები და მინის ბლოკები ანარეკლების დახმარებით ინტერიერს სიღრმეს მატებს, თეთრი დაკეცილი პანელები და სადად შელესილი კედლები კი მშვიდ, მოწესრიგებულ ფონს ქმნის. ბუნებრივი მასალის სითბო, მეტალის ცივი ბზინვარება და შუშის გამჭვირვალობა სივრცეში ტაქტილურ და ვიზუალურ ბალანსს ამყარებს.
სათათბირო მაგიდა გამჭვირვალე ეპოქსიდში ჩაძირული ალუმინის ქაფის პანელებისგანაა დამზადებული. ეს ფოროვანი ინდუსტრიული მასალა, რომელიც ინტერიერში იშვიათად გვხვდება, აქ სამუშაო ზედაპირის სახითაა წარმოდგენილი და ერთდროულად ექსპერიმენტისა და კონცეპტუალური მანიფესტის როლს ასრულებს.