ლისის პლატოზე მდებარე კერძო სახლი აგებულია ორ ძირითად მასალას — ფაქტურულ ბეტონსა (ფიცრის ანაბეჭდით) და კორტენის ფოლადს — შორის კონტრასტზე. ბეტონის ელემენტები შენობის სტრუქტურას მყარად აკავშირებს ნაკვეთის რელიეფთან, ხოლო კორტენის მოცულობების თბილი, მიწისფერი ტონალობა მკაფიოდ გამოიყოფა ბეტონის ნაცრისფერი ფაქტურის ფონზე. ორი მასალის ეს სინთეზი შენობას ექსპრესიულ, თანამედროვე და ამავდროულად ბუნებრივ იერსახეს ანიჭებს, სადაც ფოლადის ჟანგისფერი პატინა დროთა განავლობაში კიდევ უფრო ორგანულად შეერწყმება გარემოს.
სახლი დაგეგმარებულია შიდა ეზოებისა და ვერტიკალური ღიობების გარშემო, რაც შენობის დიდ მოცულობას ფუნქციურ ზონებად ყოფს. ეს ეზოები საცხოვრებელ სივრცეებს ლისის პლატოსთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარებისგან იცავს და ინტერიერის ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს.
დიდი ფორმატის მოძრავი ვიტრაჟები მთავარ საცხოვრებელ ზონებს პირდაპირ აკავშირებს ტერასებთან, რაც შიდა და გარე სივრცეებს შორის ბუნებრივ გადასვლას ქმნის. შიდა ეზოებში შემონახული და ინტეგრირებული ხეები, აუზი და მოსასვენებელი ტერასები მობინადრეებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილ, დაცულ და მყუდრო გარემოს აყალიბებს.
სახურავის მკაფიო ჰორიზონტალური ხაზები და ვერტიკალური კონსტრუქციული ელემენტები შენობას დაბალ პროფილს სძენს, რომელიც ნაკვეთის ბუნებრივ რელიეფს მიჰყვება. სახლი ძირითადად შიდა ეზოსკენ არის ორიენტირებული, თუმცა პანორამული ფანჯრებიდან ჰორიზონტის ვრცელი ხედებიც იშლება.
რელიეფში ჩაძირული კიბეები, განათებული ბილიკები და ბეტონის მასიური კედლები შენობის არქიტექტურულ სცენარს ეტაპობრივად უშლის დამთვალიერებელს, რაც ექსტერიერში სიმშვიდისა და სიმტკიცის შეგრძნებას აძლიერებს.